ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგს იწყებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგის პროცესს იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად, მონიტორინგი აჭარის რეგიონიდან დაიწყება და სხვა რეგიონებში უწყვეტად გაგრძელდება. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი 2015 წლის 4 მაისიდან დაიწყება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მიერ, შემოღებულმა ახალმა რეფერირების სისტემამ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის #36-ე დადგენილების ფარგლებში სერვისების გადაწყობას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტთა შორის კითხვები გააჩინა. კერძოდ, აჭარის მაღალმთიან რაიონებში დაბნეულობა გამოიწვია შეთავაზებამ, რეფერირების ფარგლებში, უფრო მაღალი მომსახურების მიღების მიზნით, პაციენტთა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. გარდა ამისა, მედიასაშუალებებთან პაციენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მკურნალობის ანაზღაურება მოსთხოვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მსგავსი ფაქტების შესახებ არავის უცნობებია.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "ევექსი" სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა მომსახურებას.

"კლინიკები ვალდებულნი არიან, 7 წლის ვადით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე, "ევექსი" საყოველთაო ჯანდაცვის არც ერთი კომპონენტის დატოვებას არ გეგმავს. გაგრძელდება როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურება. სავარაუდოდ, გაუგებრობა ადგილობრივ დონეზე სერვისების გადაწყობის წარუმატებელმა მცდელობამ გამოიწვია. იმისთვის, რომ გადამოწმდეს, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ბენეფიციარების მხრიდან მომსახურებაში თანხის გადახდას, ასევე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი და დაცული იყოს პაციენტების უფლებები და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს მონიტორინგის პროცესს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში. თავდაპირველად, მონიტორინგი აჭარის რეგიონიდან დაიწყება და ის უწყვეტად გაგრძელდება სხვა რეგიონებში", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში კორპორაცია "ევექსის" სხვა კომპანიით ჩანაცვლების საკითხი საერთოდ არ განიხილება.