ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 2,2 მილიონი ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აგვისტოს ანგარიშში წერია, რითიც ორგანიზაციის წინა პროგნოზი უცვლელი დარჩა.
საერთო მაჩვენებლებით, წელს ნავთობზე გლობალურმა მოთხოვნამ შესაძლოა, დღეში 102,12 მლნ ბარელს მიაღწიოს. ზრდის 70%-ზე მეტი ჩინეთის მოთხოვნის წილია. თუმცა 2024 წელს ზრდის ტემპი დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება, რაც, სააგენტოს წინა პროგნოზთან შედარებით, დღეში 100 ათასი ბარელით ნაკლებია.
IEA, ასევე, შენიშნავს, რომ ივლისში ნავთობის მსოფლიო მიწოდება 910 ათასი ბარელით შემცირდა და დღეში 100,9 მლნ ბარელს შეადგენდა. სააგენტოს შეფასებით, საუდის არაბეთში წარმოების მნიშვნელოვანმა შემცირებამ განაპირობა ის, რომ OPEC+-ის ქვეყნებში წარმოება დღეში 1,2 მილიონი ბარელით შემცირდა, ხოლო OPEC+-ის არაწევრ ქვეყნებში ნავთობმოპოვება დღეში 310 ათასი ბარელით გაიზარდა.
საერთო ჯამში, IEA პროგნოზირებს, რომ წელს გლობალური ნავთობის მიწოდება დღეში 1,5 მილიონი ბარელით, ანუ რეკორდულ 101,5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ