"240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება”

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. მისივე თქმით, მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ობიექტი დროულად ჩაბარდეს. დავით ნარმანიას თქმით, მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარში ამჟამად მცხოვრებ ბენეფიციარებს ახალ თავშესაფარში საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა ექნებათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მერიის ინფორმაციით, პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია RSP 40 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.