Microsoft რუს კლიენეტებს ოქტომბრიდან ლიცენზიას აღარ გაუგრძელებს

Microsoft რუსული კორპორატიული კლიენტებისთვის ლიცენზიის განახლებას 30 სექტემბრიდან შეწყვეტს. ინფორმაციას IT-გიგანტის ტექნიკურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო, TelecomDaily ავრცელებს.

„Microsoft რუსეთში თავისი სერვისების გადასახადის სახით ადგილობრივ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვებს ვეღარ მიიღებს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, თუკი გამოწერა 30 სექტემბრის შემდეგ აქტიური დარჩება, მართალია, არ გაუქმდება, მაგრამ როგორც კი მოქმედების ვადა ამოიწურება, ის აღარ განახლდება.

მაისში Microsoft-მა რუსული ონლაინ მოვაჭრე Ozon-ის თანამშრომლებისთვის ზოგიერთ სერვისზე წვდომა იმის გამო შეწყვიტა, რომ რითეილერს კომპანიის ლიცენზიის შესაძენად „შემოვლითი გზების“ გამოყენება შეეძლო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ