კუს ტბის საბაგირო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სატრანსპორტო კომპანია, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კუს ტბის საბაგირო გზის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება ორივე (ქვედა და ზედა) შენობის გარემონტება, ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის დამონტაჟება, ასევე მთლიანად შეიცვლება გამწევი ბაგირი და ა.შ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

დღეს კუს ტბის საბაგირო გზის არსებული ინფრასტრუქტურა მოინახულეს ქ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი გურგენიძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ და დირექტორატის სხვა წევრებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ორივე შენობა, შეხვდნენ ტენდერში გამარჯვებული საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს და განიხილეს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დეტალები.

თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს, განახლებული კუს ტბის საბაგიროთი მგზავრობა ძალიან მალე შეეძლებათ.