ავსტრია-საქართველოს ეკონომიკური კომისიის მე-4 სხდომა გაიმართა

ვენაში ავსტრია-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-4 სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. 

კომისიას თანათავმჯდომარეობდნენ ქართული მხრიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხელი ჯანელიძე და ავსტრიული მხრიდან, ავსტრიის ეკონომიკისა და მეცნიერების ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტ გირლინგერი. კომისიის შემადგენლობაში ორი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები იყვნენ.

სხდომაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიქოვანმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა კომისიის წინა ოქმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება და ორი პალატის მიერ ერთობლივად ჩატარებული და მიმდინარე ღონისძიებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ა.წ. 19 მაისს დაგეგმილ საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება თბილისში ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინს ფიშერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ასევე გაიმართა პალატის გენერალური დირექტორის სამუშაო შეხვედრა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატაში, სადაც ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარე საკითხები განიხილეს.