"ყველაზე მომაკვდინებელი აკრძალვა" - აშშ-ს სურს, რომ ჩინეთი პროცესორების წარმოებაში 5 თაობით ჩამორჩეს

ჩინეთის ნახევარგამტარების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის მიერ ექსპორტზე და ინვესტიციებზე შეზღუდვების გამკაცრება მიზნად ისახავს ჩინეთის მინიმუმ ხუთი თაობით ჩამორჩენას აშშ-ს ჩიპების ტექნოლოგიაში.

Advanced Micro-Fabrication Equipment Inc China (AMEC) თავმჯდომარის ჯერალდ იინ ჟიაოს თქმით: ”ოქტომბრის სანქციებმა ნამდვილად გამოავლინა შეერთებული შტატების ჭეშმარიტი განზრახვა, რომელიც არის დააფიქსიროს ჩინური ჩიპების წარმოება 28 ნმ ტექპროცესზე და სულ მცირე, ხუთი თაობით ჩამორჩეს მსოფლიო ლიდერებს, 3 ნმ-დან 14 ნმ ტექპროცესამდე. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“.

ჯერალდ იინ ჟიაომ განაცხადა, რომ ეს იყო „ყველაზე მომაკვდინებელი აკრძალვა“ მას შემდეგ, რაც 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაიწყო ჩინურ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე.

გასული წლის ოქტომბერში შემოღებული წესები მიზნად ისახავს ჩინეთის ლოგიკური მიკროსქემების 14 ნმ-ზე, DRAM ჩიპების 18 ნმ-ზე და 3D NAND ჩიპების 128 ნმ-ზე წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვას. ამის მიზეზად კი შეერთებულმა შტატებმა დაასახელა ეროვნული უსაფრთხოების რისკები და ჩიპების პოტენციური გამოყენება სამხედრო წარმოებაში.

ინი, რომელიც აშშ-ს ჩიპების წარმოების ინდუსტრიაში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, აცხადებს, რომ ჩინეთიდან შეძენილი ნახევარგამტარული აღჭურვილობა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 15%-ს შეადგენს, დარჩენილი 85% კი მოდის აშშ-ზე, ნიდერლანდებზე და იაპონიაზე.

ამასთან, ჩინეთის ელექტრონული წარმოების აღჭურვილობის ინდუსტრიის გენერალური მდივნის მოადგილე ლი ცზისიანის თქმით, ჩინეთში წარმოებული ზოგიერთი აღჭურვილობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნილებებს.

კოკა კვირკველია