Mercedes-Benz-მა რუს დილერებს პროგრამული უზრუნველყოფა შეუწყვიტა - ტერმინი „ოფიციალური დილერი“ რუსეთში თავის მნიშვნელობას კარგავს

გერმანულმა საავტომობილო კონცერნ Mercedes-Benz-მა რუს დილერებს პროგრამული უზრუნველყოფა მთლიანად შეუწყვიტა. ინფორმაცია „იზვესტიას“ რუსეთში Mercedes-Benz-ის დისტრიბუტორმა კომპანია MB RUS-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

კერძოდ, წვდომა შეჩერებულია ტექნიკური მომსახურებისა და პრობლემების აღმოფხვრის ონლაინ სისტემებზე.

რუსეთის ავტოდილერთა ასოციაციამ პროგრამული უზრუნველყოფის წვდომაზე პრობლემების არსებობა დაადასტურა. ამასთან, გამოცემის წყაროები აცხადებენ, რომ წვდომა კონცერნ BMW-მაც შეზღუდა.

ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის გათიშვა რუსებისთვის სარემონტო და მომსახურების დროს გაზრდის, ასევე, ახალი მანქანების განახლებას შეუქმნის პრობლემას. პროგრამული უზრუნველყოფის გათიშვამ შესაძლოა, მანქანის სიგნალიზაციისა და გასაღების კოდირების პრობლემებიც გამოიწვიოს. ამასთან, მძღოლები უფრო არაოფიციალური სერვის-სადგურების მომსახურებას აირჩევენ და ახალი, მათ შორის პარალელური იმპორტით შეტანილი ავტომობილების ნაცვლად, უფრო მარტივ მოდელებს შეიძენენ. ამდენად, ტერმინი „ოფიციალური დილერი“ რუსეთში თავის მნიშვნელობას კარგავს.

MB RUS-ში აცხადებენ, რომ ავტომობილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას სამომავლოდ მხოლოდ „დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის“ საფუძველზე თუ შეძლებენ.

Mercedes-Benz-მა რუსეთი 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. მისი აქტივები, მათ შორის მოსკოვის ოლქში მდებარე ქარხანა, კომპანიების რუსულმა ჯგუფმა, „ავტოდომმა“ შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესის საავტომობილო ჰოლდინგია და პრემიუმ, ასევე, ძვირადღირებულ მანქანებს ემსახურება.

2023 წლის მაისში „იზვესტია“ წერდა, რომ ავტომწარმოებლების აპლიკაცების მუშაობაში, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, ნაწილობრივი შეზღუდვები ფიქსირდებოდა. მაშინ პრობლემა Skoda-ს, Kia-ს, Infiniti-ს, Nissan-ისა და Renault-ს ბრენდის ავტომობილებს შეეხებოდა. კერძოდ, ამ მანქანების მფლობელებმა ძრავის დისტანციურად გაშვების, საწვავის ავზში დარჩენილი ბენზინის დათვალიერების შესაძლებლობა დაკარგეს. შეწყვიტა მუშაობა ზოგიერთმა მნიშვნელოვანმა ფუნქციამაც, როგორიც არის პროგრამების განახლება, რომლებიც ძრავის მუშაობას, ასევე, დაბლოკვის საწინააღმდეგო და სამუხრუჭე სისტემებს აკონტროლებენ. ამასთან, მძღოლებს ბაზრიდან გაწვევის ან მომსახურების პროგრამების შესახებ აღარ ეცნობებათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ