"რთველის სუბსიდირება კონკურენციას კლავს" - ღვინის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე

მთავრობა წლევანდელ რთველზე 50 მილიონი ლარის სუბსიდიას გასცემს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ ეს პრაქტიკა რაიმეს ხელს არ უშლის.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს, რომელიც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას სუბსიდირების უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

"სუბსიდირება ხელს ბევრ რამეს უშლის. მე რომ საშუალება მქონდეს, მინისტრსაც ავუხსნიდი, რა პრობლემებს ქმნის ის, გარდა იმისა, რომ ხშირად, უაზროდ იყრება თანხა. [რთველის] სუბსიდირება კლავს კონკურენციას. იმ სახით, რომლითაც ის დღეს ხდება, კლავს კონკურენციას და ძალიან ნეგატიურად აისახება ღვინის ხარისხზე.

ჭარბი ყურძნის შესყიდვა მაღალი ფასით, ფაქტობრივად, საბაზრო ფასით და თანხის დამატება იმ შემთხვევაში, თუ 100,000 კილოგრამზე მეტს გადაამუშავებს კომპანია, ნიშნავს, რომ ვუიაფებთ ღვინოს მხოლოდ მსხვილ კომპნიებს, მაშინ, როდესაც აქცენტი უნდა კეთდებოდეს უფრო ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებზე, საშუალო და მცირე საწარმოებზე, რომლებსაც თვითღირებულება უფრო მაღალი აქვთ. მათ კონკურენციის ასარამართლიან პირობებში ვტოვებთ მსხვილ კომპანიებთან," - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

ღვინის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს იმასაც, რომ საჭიროა არა გაუქმება, არამედ სწორი სუბსიდირება.

"უაზრო სუბსიდირება ოცნების ხელისუფლების დროს არ დაწყებულა და ვთვლი, რომ ამ პროცესს ინერციით მიყვებიან. სამწუხაროდ, არ არის არავინ, ვინც შეიძლება იფიქროს, იმსჯელოს და იმუშაოს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს უკეთესად. მგონია, რომ კომპეტენციის ნაკლებობის გამო - იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, არ იცის, რას აშავებს.

ყოველ წელს მზადდება მთავრობის დადგენილება, რომელიც საზღვრავს პირობებს, თუ რა სახით და ოდენობით უნდა გაიცეს სუბსიდია. ფაქტობრივად, მთელი წელი არავინ იცის ეს როგორი იქნება და რთველამდე ერთი თვით ადრე ხდება ცნობილი. სურპრიზია. უნდა განისაზღვროს მიზანი და პირობები. შემდეგ კი რა დოზით ჩაერევა სახელმწიფო ფასწარმოქმნაში," - თქვა გიორგი სამანიშვილმა.

იხილეთ ასევე: რამდენი დახარჯა "ქართულმა ოცნებამ" რთველის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ

კახი ჩაკვეტაძე