ყველაზე დაღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე დაღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა უკრაინაა.

ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტი" 2015 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დაღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, რომლის სათავეშიც უკრაინა მოექცა. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის აპრილის შემდეგ 6,5 პროცენტით დაეცა, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია ლიბიისა და მაკაუს მონაცემებთან შედარებით. როგორც მსოფლიო ბანკში პროგნოზირებენ, წლის ბოლომდე უკრაინაში რეცესიის გამო მშპ კიდევ დაიკლებს და იგი 7.5 პროცენტამდე დაეცემა.

"ეკონომისტის" რეიტინგში 15 ქვეყანა მოხვდა. მათ შორის არის რუსეთიც, რომელიც რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. გასული წლის აპრილთან შედარებით რუსეთში მშპ-ის რაოდენობა 4 პროცენტით შემცირდა. ყველაზე დაღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდნენ ევროპული სახელმწიფოებიც. მათ შორის კვიპროსი და საბერძნეთი, სადაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.