უკრაინაში მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, შარშანდელთან შედარებით, 17%-ით ნაკლები ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო განქორწინებების რიცხვი მესამედით გაიზარდა. ამის შესახებ Opendatabot-ის მონაცემებში წერია, რასაც unian ავრცელებს.
კერძოდ, ექვს თვეში უკრაინაში 86 028 ქორწინება დარეგისტრირდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 103 903 ახალი ოჯახი შეიქმნა.
წელს ქორწინების რეგისტრაციების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მხოლოდ ხარკოვის (+19%) და სუმის (+6%) ოლქებში გაიზარდა. რეგისტრაციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ზაპოროჟიესა (-36%) და დნეპროპეტროვსკის ოლქში (-34%), რომელიც გასულ წელს ახალი ოჯახების რაოდენობით უდავო ლიდერი იყო. ასევე, ქორწინებები მნიშვნელოვნად შემცირდა ტერნოპოლის ოლქშიც (-32%).
წელს, ისევე, როგორც სრულმასშტაბიან ომამდე, ქორწინებების რაოდენობით კვლავ კიევი ლიდერობს, სადაც ექვს თვეში 9292 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი, 2022 და 2021 წლებთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია. დნეპროპეტროვსკის ოლქმა, 8660 დარეგისტრირებული ქორწინებით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პირველ სამეულს 6693 ახალი ოჯახით ოდესის ოლქი ხურავს.
რაც შეეხება განქორწინებებს, მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანაში 10 139 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მესამედით მეტია, თუმცა მაინც ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, რაც 13 153-ს შეადგენდა.
განქორწინების 1678 შემთხვევით წელს კვლავ უკრაინის დედაქალაქი ლიდერობს. ეს რაოდენობა, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, თითქმის გაორმაგდა, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდს 14%-ით გადააჭარბა.
დნეპროპეტროვსკის ოლქში განქორწინებათა რიცხვი მესამედით, ანუ 1248-მდე გაიზარდა. ასევე, გასულ წელთან შედარებით, წელს განქორწინებების რიცხვი მნიშვნელოვნად, ანუ 1,6-ჯერ გაიზარდა ხარკოვის, ტერნოპოლისა და მიკოლაევის ოლქებში. თუმცა ჩერნივცის ოლქში განქორწინებები ყოველწლიურად სულ უფრო იკლებს. კერძოდ, 2021 წელს 187, 2022-ში 117, ხოლო წელს 105 შემთხვევა დაფიქსირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ