ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, სამშაბათს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოსვლისას, პირობა დადო, რომ ინდოეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა გახდება.
"როდესაც სიღარიბე იკლებს, საშუალო ფენის ძალა იზრდება. მომდევნო ხუთ წელიწადში - და ეს არის მოდის გარანტია - ქვეყანა იქნება მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის", - თქვა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა მიმართვაში, რომელსაც ის ეროვნულ დღესასწაულზე ტრადიციულად ისტორიულ წითელ ციხესთან მართავს.
მოდიმ პირობა დადო, რომ ბოლო მოეღება "სამ მანკიერებას, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა".
„კორუფციასთან ბრძოლა ჩემი უწყვეტი ვალდებულებაა. მეორეც, დინასტიურმა პოლიტიკამ გაანადგურა ქვეყანა - მან ხალხს ჩამოართვა უფლებები. მესამე ბოროტება არის აგრესორის დამშვიდების პოლიტიკა (ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ბრიტანეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისთვის 1930-იან წლებში), რამაც კვალი დატოვა ეროვნულ ხასიათზე, ამ სამ მანკიერებას მთელი ძალით უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა მან. მოდის თქმით, ინდოეთს „ყავს თავისი ხალხი, დემოკრატია და მრავალფეროვნება ოცნებების ახდენისთვის“.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების წინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გააძლიერებს საშუალო ფენას და გააძლიერებს ქალთა უფლებებს ქვეყანაში.
1947 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთმა ბრიტანეთის მმართველობისგან თავისუფლება მოიპოვა და ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს. ამ ისტორიულ დღეს ინდოეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ წითელ ციხეზე აღმართა ეროვნული სამფეროვანი დროშა, რაც ბრიტანელი კოლონიალისტების წასვლის სიმბოლოდ იქცა. ეს დღე ქვეყანაში სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.