24,9 მლნ ლარი მოგება 2 კვარტალში - როგორია სესხის გამცემი სუბიექტების ფინანსური მდგომარეობა

2023 წლის პირველ ნახევარში სესხის გამცემმა სუბიექტებმა 24 975 469 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს კი 45%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის 6 თვეში სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 17 207 283 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მთლიანი აქტივები შეადგენდა 559,769 მლნ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 190,776 მლნ ლარს.

სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სესხის გამცემი სუბიექტების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 57,545 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 37,842 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3,637 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სესხის გამცემი სუბიექტების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 31,988 მლნ ლარი იყო.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 172 სუბიექტი, სადაც მთლიანად დასაქმებულია 2 298 ადამიანი.