"მივმართავთ სასამართლო ინსტანციებს" - "ვისოლი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარსს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

ზოგადად, 2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც, რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა," - წერია განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

განცხადებაში წერია ისიც, რომ დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.