„არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ" - „სოკარი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი უმსხვილესი კომპანია ჯამში 4 მლნ ლარით დააჯარიმა.

„ბიზნესპრესნიუსს" ერთ-ერთ დაჯარიმებულ კომპანია „„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში" გაუნცხადეს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გეგმავენ გაასაჩივრონ.

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ. მედიიდან გავიგეთ, რომ დასახელებული კომპანიებიდან ზოგიერთი ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ", - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს" „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში".

ცნობისათვის, კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაც“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

„ბიზნესპრესნიუსი" „სან პეტროლიუმ ჯორჯიასაც“ („გალფი)" დაუკავშირიდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ სურთ კომენტარის გაკეთება.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა," - წერია განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

განცხადებაში წერია ისიც, რომ დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.

თამარ მუკბანიანი