ევროპის ქვეყნების ტურისტული სერვისების ფასები ამ სეზონზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზოგადი ინფლაცია - ამის შესახებ Financial Times (FT) იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოროვირუსული პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორში აქტივობის აღორძინებამ ხელი შეუწყო სერვისებზე ფასების ზრდას: ივლისში ამ სექტორში წლიურმა ინფლაციამ 5,6% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ზე დაფიქსირდა. სასტუმროების საერთაშორისო ქსელ Accor-ის წარმომადგენლების თქმით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში სასტუმროს ნომრების ღირებულება გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 18%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ევროპაში საჰაერო მგზავრობის საშუალო ფასმა წელიწადში 31,6%-ით მოიმატა.
ექსპერტები ტურიზმის სექტორში ფასების ზრდის მიზეზად პანდემიის შემდეგ ტურისტული აქტივობის აღდგენას ასახელებენ. ასე რომ, იანვარ-მაისში საბერძნეთმა მიიღო დაახლოებით 5,76 მილიონი უცხოელი ტურისტი - მესამედით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ანალოგიური სიტუაციაა ესპანეთშიც. მრეწველობის, ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა ჰექტორ გომესმა განაცხადა, რომ ივნისში ქვეყანას ეწვია 9,1 მილიონი ტურისტი (10%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს) და თქვა, რომ "ეს არის განსაკუთრებული" ეკონომიკური აღდგენა.
თუმცა, ასეთმა ზრდამ შესაძლოა, კიდევ უფრო ნეგატიურად იმოქმედოს ფასების მთლიან დონეზე - აღნიშნავენ ევროპის ცენტრალურ ბანკში. „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხულის ძვირად ღირებულ ტურისტულ სეზონს შეუძლია შეინარჩუნოს მაღალი ინფლაცია კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში“, - განაცხადა გერმანული ბანკის Berenberg-ის ეკონომისტმა ჰოლგერ შმიდინგმა.