SpaceX-მა წმინდა დანაკარგი თითქმის ორჯერ შეამცირა

ამერიკულმა კოსმოსური ხომალდების, რაკეტების და თანამგზავრების მწარმოებელმა, SpaceX-მა, გასულ წელს 1,7-ჯერ შეამცირა ზარალი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი კომპანიის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

წმინდა ზარალმა 2022 წელს 559 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ის 968 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო აღნიშნულ პერიოდში შემოსავალი გაორმაგდა და 4,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანიის მთლიანი ხარჯები 3,3 მილიარდი დოლარიდან 5,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თანამშრომლების ხელფასებზე, მასალებზე და კოსმოსურ ხომალდებზე დანახარჯებმა 3,1 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2021 წლის 1,6 მილიარდ დოლართან შედარებით. კვლევისა და განვითარების ხარჯები 11%-ით 1,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი, 2021 და 2022 წლებში კომპანიამ სულ 5,4 მილიარდი დოლარი დახარჯა ძირითადი საშუალებების შესაძენად.

იმავე ორ წელიწადში SpaceX-მა 373 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები გაყიდა.

2023 წელს შემოსავალმა პირველი სამი თვის განმავლობაში 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წელს შემოსავლის მკვეთრმა ზრდამ SpaceX-ს პირველ კვარტალში 55 მილიონ დოლარიანი მოგება მისცა და პირველად გავიდა მოგებაზე.

SpaceX არის კერძო კომპანია და არ აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებას. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია მისი მუშაობის შესახებ შედარებით იშვიათია. ამ ტიპის შიდა დოკუმენტების შინაარსი საზოგადოებისთვის ბოლოს ექვს წელზე მეტი ხნის წინ გახდა ცნობილი.

კოკა კვირკველია