რუსეთს ცნობილი ალკოჰოლის კომპანია ტოვებს

ფრანგული კონცერნი Pernod Ricard, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა Chivas Regal-სი Jameson-ი, Ballantine's-ი და Ararat-ი, რუსეთში წარმომადგენლობის დახურვისთვის ემზადება. ლორან პილე, რომელიც 2019 წლიდან P.R.Rus სს-ის გენერალური დირექტორი იყო, სხვა რეგიონში გადავიდა, იგნატი არაკელიანი კი, რომელიც ერევნის კონიაკის ქარხანას (YBC) ხელმძღვანელობდა, ბიზნესის შეწყვეტას გააკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.

პერნო რიკარმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი სხვა რეგიონში ახალ თანამდებობაზე გადავიდა. არაკელიანმა განმარტა, რომ P.R.Rus გადის აუცილებელ პროცედურებს ოპერირების შესაჩერებლად და კომპანიას სხვა გეგმები არ აქვს.

2020-2021 წლებში, კომპანიამ რუსეთის ფედერაციაში, არარატის გამოკლებით, დაახლოებით 14 მილიონი ლიტრი ძლიერი ლიქიორი შემოიტანა. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების და დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ, მან იმპორტი 6,95 მილიონ ლიტრამდე შეამცირა. 2023 წლის მაისში კონცერნმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში ყველა საერთაშორისო ბრენდის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. იანვარ-აპრილში, გამოცემის მონაცემებით, კომპანიამ 4,6 მლნ ლიტრი ალკოჰოლი შემოიტანა.

YBC-ში წარმოებული არარატის კონიაკი რუსეთში მიწოდებას განაგრძობს, განაცხადა Pernod Ricard-ის წარმომადგენელმა. 2021 წელს Luding Group გახდა ამ ბრენდის დისტრიბუტორი არხების, მათ შორის რეგიონული და ლოკალური ქსელების, საბითუმო, კორპორატიული და კერძო მყიდველების მხრივ. დღეს დისტრიბუციის კონტრაქტი ძალაშია და ბრენდზე თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, განუცხადა კომერსანტს Luding Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერნესტ ხაჩატურიანმა.

მსხვილი ალკოჰოლური კომპანიიდან წყარო გამოცემასთან აღნიშნავს, რომ არარატის კონიაკის 70-90% რუსეთში მოიხმარება და სასმელს ამ მოცულობის სხვა ბაზარი არ აქვს. გამოცემის წყაროს თქმით, Pernod Ricard-ს შეეძლო Luding Group-ისთვის ბრენდის მთელი დისტრიბუცია YBC-ის გაყიდვამდე მიეცა, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. არარატის წარმოების შესაძლო გაყიდვის შესახებ სხვა წყაროც აცხადებს, მისი თქმით, Luding Group დაინტერესებული მხარეა, თუმცა გამყიდველი აქტივს ძალიან ძვირად აფასებს.

პერნო რიკარდი კი არარატის გაყიდვაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

კოკა კვირკველია