აკროპოლისზე ვიზიტორების რაოდენობა იზღუდება

სექტემბრიდან ათენის აკროპოლისში ყოველდღიურად არაუმეტეს 20 000 ვიზიტორი დაიშვება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამით საბერძნეთის მთავრობას ტურისტების ჭარბი ნაკადისგან ანტიკური ღირსშესანიშნაობის დაცვა სურს, რომლებიც ადგილს ანაგვიანებენ, ასევე, ხმაურისა და სინათლის დაბინძურებას იწვევენ.

ამასთან, აკროპოლისის მონახულება ტურისტების გარკვეული რაოდენობისთვის დღის სხვადასხვა დროს იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, დილის 8-დან 9 საათამდე ღირსშესანიშნაობის ნახვას 3000 ადამიანი, ხოლო 9-დან 10 საათამდე მხოლოდ 2000 ვიზიტორი შეძლებს. ვიზიტის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება.

აკროპოლისი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში აშენდა. იქ ძველი საბერძნეთის მთავარი, ანუ ქალღმერთ ათენას ტაძარი, პართენონი მდებარეობდა. ამ ადგილს ყოველდღიურად 23 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ჭარბ ტურისტული ნაკადს სხვა ევროპულ ქალაქებიც ებრძვიან. მაგალითად, ნიდერლანდების ჰააგის ცენტრსა და პლაჟებზე ტურისტებისთვის პარკირების ღირებულება ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო ამსტერდამის ცენტრში საკრუიზო გემების შესვლა აიკრძალა. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ „წითელი ფანრების“ რაიონში კანაფის მოწევა აკრძალა, რაც ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევიდა. მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეები დიდი ხანია, „მოწეული“ ტურისტების მიერ გამოწვეულ არეულობას უჩივიან. ამასთან, ქალაქის ცენტრში რესტორნები და ბარები პარასკევ-შაბათს ღამის 2 საათამდე იხურება, ხოლო ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში ღამის 1-ლი საათის შემდეგ აღარ უშვებენ.

საკრუიზო გემების ქალაქის ცენტრში შეცურვა ამსტერდამამდე ჯერ კიდევ ვენეციამ აკრძალა, ხოლო ბარსელონაში დიდი ტურისტული ჯგუფები ვეღარ შედიან. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ევროპის უძველესი ეროვნული პარკი ვიზიტორთა რაოდენობას ზღუდავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ