„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების დეფიციტის გამო რეისების შემცირება მოთხოვა

რუსულ ავიაკომპანიებს 20 სექტემბრამდე ფრენების განრიგის კორექტირება თვითმფრინავების რეზერვის მიხედვით დაევალათ, რომ „გაუთვალისწინებელი ხარვეზები და ფრენების დაგვიანება თავიდან აიცილონ.“ ასეთი ბრძანებით ავიაკომპანიების მმართველებს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს („როსავიაციის“) უფროსის მოადგილე ვლადიმერ პოტეშკინმა მიმართა.

კერძოდ, ბრძანებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიებმა „როსავიაციას“ სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სათადარიგო აეროდორმებზე თვითმფრინავების გადაყვანის, ასევე, აეროპორტებში ჩავარდნებისა და ორ საათზე მეტი დაგვიანებით შესრულებული რეისების შესახებ.

ავიარეგულატორის შესაბამისი მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ავიაკომპანია Red Wings-მა 12 აგვისტოს, ერთდროულად ორი Boeing-777 თვითმფრინავის ჩავარდნის გამო, ანტალიიდან რუსეთში 400-ზე მეტი რუსი ტურისტის დაბრუნება ვერ შეძლო.

2022 წლის მარტში მსოფლიო საავიაციო გიგანტებმა, Boeing-მა და Airbus-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც ქვეყანაში თვითმფრინავების შესაკეთებელი სათადარიგო ნაწილების დეფიციტი გაჩნდა. ამასთან, საერთაშორისო ავიამარეგულირებლებმა რუსული ავიკომპანიების თვითმფრინავების ვარგისიანობის სერთიფიკატები შეაჩერეს და, შესაბამისად, ყველა ევროპულმა ქვეყანამ მათთვის ცა დახურა. 2022 წლის 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანიები ყველაზე პრესტიჟული რეიტინგიდანაც გარიცხეს.

14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ავიკომპანიები ავარიული თვითმფრინავების გამო რეისებს მასიურად აგვიანებენ. მედიის ცნობით, რუსეთში პროფესიონალი მფრინავების დეფიციტიც დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ