საქართველოში „ვენახების ერთიანი კადასტრი“ კანონით დარეგულირდება - რას ითვალისწინებს კანონმდებლობა

საქართველოში „ვენახების ერთიანი კადასტრი“ კანონმდებლობით დარეგულირდება. აღნიშნული ცვლილება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა და საკანონდებლო მაცნეზეც გამოქვეყნდა.

ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის მიხედვით, კადასტრის შექმნის მიზანია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნა და განახლება, ვენახებისა და მევენახეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია და შენახვა. ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნასა და ორგანიზებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ეტაპებია:

  • ა) ვეგეტაციის პერიოდში ვენახებით გაშენებული ტერიტორიის აეროფოტო გადაღება და ორთორუკების დამზადება. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საჯარო რეესტრი) მიერ მომზადებული ორთორუკები, თუ მათზე ვენახების იდენტიფიცირება შესაძლებელია მაღალი სიზუსტით;
  • ბ) ვენახის იდენტიფიკაცია და მისი საზღვრების მოხაზვა რუკაზე;
  • გ) მევენახის ვინაობის დადგენა: დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
  • დ) იდენტიფიცირებულ ვენახზე შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:
  • დ.ა) ვენახის ადგილმდებარეობა საჯარო რეესტრის სასაზღვრო ბადის (ზონა, სექტორი, კვარტალი) შესაბამისად;
  • დ.ბ) ვენახის ფართობი;
  • დ.გ) ვაზის ჯიში /ჯიშები;
  • დ.დ) რიგთაშორის და ვაზთა შორის მანძილები;
  • დ.ე) საძირე;
  • დ.ვ) გაშენების წელი, ან გაშენების პერიოდი;
  • დ.ზ) ფორმირების წესი;
  • დ. თ) მორწყვის შესაძლებლობა და რწყვის ტიპი;
  • დ.ი) საერთო მდგომარეობა;
  • დ.კ) სამეურნეო მიმართულება (საღვინე, სასუფრე).

ვენახს პროგრამულად ენიჭება ცამეტნიშნა უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, ინფორმაცია ინახება კადასტრის მონაცემთა ბაზაში და აისახება რეესტრში. ვენახზე ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება მევენახის გამოკითხვისა და ვენახის შერჩევითი შემოწმების გზით.

კანონის მიხედვით, კადასტრის შესაქმნელად მევენახემ განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანია ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი და შემოწმება. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე, ვენახების ერთიანი კადასტრის მომზადების საკითხები, დღემდე დარეგულირებული არ იყო.