Bild: გერმანული ბაზარი რუსული სასუქით გაივსო

რუსულმა სასუქმა გერმანიის ბაზარი გაავსო, იმ ფონზე, როცა მათი წარმოების თვითღირებულება თავად გერმანიაში რუსულ გაზზე უარის თქმის ფონზე 150%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ სასუქების ექსპორტი ევროკავშირის სანქციებს არ ექვემდებარება. „და იმ დროს, როდესაც რუსეთში გაზი იაფია, გერმანიის ქიმიური მრეწველობისთვის რუსულ გაზზე უარი ფატალური შედეგის მომტანია. იმის გამო, რომ გაზის ფასები გაიზარდა 40%-ით, სასუქების წარმოების ღირებულება ნაწილობრივ Made in Germany ეტიკეტით - 150%-ით გაძვირდა. შედეგი კი ის არის, რომ სასუქების (აზოტი და ამიაკი) ინტენსიური წარმოება წამგებიანი გახდა. ამავდროულად, რუსული სასუქების იმპორტი ევროკავშირში, ინდუსტრიის მონაცემებით, წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამ მოცემულობის შექმნის შედეგად, გერმანელი მწარმოებლები წარმოების შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგნენ. Bild-მა აღნიშნა, რომ BASF-მა ადრე გამოაცხადა თავისი ამიაკის ქარხნის დახურვის შესახებ. ახლა კი გაზეთის ცნობითვე სირთულეებს განიცდის კიდევ ერთი ქიმიური კომპანია, SKW Stickstoffwerke Piesteritz GmbH (SKWP), რომელიც 1915 წლიდან აწარმოებს სასუქებს თავის ქარხანაში. 2005 წლიდან მოყოლებული მან 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოახდინა წარმოებაში და ბოლო დროს კიდევ 400 მილიონი ევრო გაზიდან სხვა ტექნოლოგიებზე გადასვლისთვის.

„გერმანიაში სასუქების მთელი ინდუსტრია უზარმაზარ ზარალზე მუშაობს“, - განუცხადა Bild-ს საქსონია-ანჰალტის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სვენ შულცემ.

მისი თქმით, „ჩნდება კითხვა, რატომ გაიზარდა ბოლო თვეების განმავლობაში რუსული გაზის იმპორტი გერმანიაში კარბამიდის და ამიაკის სახით.“ მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია "როგორც უნდა ისე შეამციროს გაზის ფასი და ამით მოახდინოს კარბამიდისა და ამიაკის წარმოების სუბსიდირება". „გერმანული და ევროპული საწარმოები კი იძულებულნი არიან დახურონ ან მინიმუმამდე შეამცირონ სასუქის წარმოება, რადგან რუსეთს თავისუფლად შეუძლია შეავსოს ბაზარი იაფი სასუქებით“, - დასძინა შულცემ და კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა მიიღოს ზომები სიტუაციის შესაცვლელად.

კოკა კვირკველია