რეგულაციის ორი თვის ეფექტი - ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა

12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა.

რეგულაციის 2 თვის შემდეგ, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის 7 თვეში საქართველომ 36.2 მლნ აშშ დოლარის 95 726 ტონა ფქვილი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 26.9 მლნ აშშ დოლარის 94 831 ტონა.

რაც შეეხება ხორბალს, რომლის იმპორტიც რუსეთში ხორბლის საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ მუდმივად მცირდებოდა, გაიზარდა. 2022 წლის 7 თვეში საქართველომ 19.1 მლნ აშშ დოლარის 55 550 ტონა ხორბალი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 26.5 მლნ აშშ დოლარის 93 028 ტონა ხორბალი.

რეგულაციის ეფექტის თვალსაჩინოებისთვის, თუ 2023 წლის აპრილსა და მაისში საქართველოში 5 მლნ აშშ დოლარის 16 631 ტონა ხორბალი შემოვიდა, ივნისსა და ივლისში 8.4 მლნ აშშ დოლარის 35 334 ტონა ხორბალი და მესლინი.

შემცირების ეფექტი მყისიერად აისახა ფქვილზეც. კერძოდ, აპრილსა და მაისში საქართველომ 8.2 მლნ აშშ დოლარის 30 224 ტონა ფქვილი იყიდა, ივნისსა და ივლისში კი, 5.2 მლნ აშშ დოლარის 21 707 ტონა ხორბლისა და ჭვავის ფქვილი.

მთავარი იმპორტიორი ყველა შემთხვევაში რუსეთია.

შეგახსენებთ, სწორედ ეს იყო სამინისტროს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი. ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო. აღნიშნული საფასური ძალაში 5 თვე იქნება.

თამარ მუკბანიანი