გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოში დასაქმებას კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის. ამის შესახებ გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labour Organization-ILO) ანგარიშში წერია.
ILO-ს შეფასებით, სამუშაოების უმეტესობა შესაძლოა, მხოლოდ ნაწილობრივ იყოს ავტომატიზებული, ამიტომ ამ ტექნოლოგიის ყველაზე დიდი გავლენა სამუშაო ადგილების შემცირება კი არა, უფრო მათი ხარისხის პოტენციური ცვლილება იქნება, განსაკუთრებით სამუშაოს ინტენსივობისა და ავტონომიის თვალსაზრისით.
ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო ლიკვიდაციის რისკი ყველაზე მეტად საკანცელარიო სამუშაო ადგილებს ემუქრება. ამ სფეროში შესრულებული შრომითი ფუნქციების, თითქმის მეოთხედს ანგარიშის ავტორები „მეტად დაუცველად“ განიხილავენ.
ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 5,5% ისეთ სამუშაოზე მუშაობს, რომლებზეც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაციამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ავტომატიზაციის რისკი სამუშაო ადგილების მხოლოდ 0.4%-ს ემუქრება. სამაგიეროდ, სამუშაო ადგილების ზრდის პოტენციალი ყველა ქვეყანაში, თითქმის, ერთნაირია, რის საფუძველზეც ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ „სწორი პოლიტიკით ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალმა ტალღამ განვითარებად ქვეყნებს შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს.“
კვლევის თანახმად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაცია უფრო ქალების სამუშაო ადგილებს ემუქრება, რაც, განსაკუთრებით მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, საკანცელარიო სამსახურში მათი გადაჭარბებული დასაქმებით არის გამოწვეული.
ექსპერტები თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მეტწილად მისი დანერგვის მართვის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, მუშახელის აზრის გათვალისწინებას, მათ გადამზადებასა და ადეკვატურ სოციალურ დაცვას მთავარი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე გადასვლის მართვაში.
ILO-ს შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მხოლოდ რამდენიმე კარგად მომზადებულმა ქვეყანამ და ბაზრის მონაწილემ ისარგებლოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ