დავით უსუფაშვილი: ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით, პრინციპულად შეუძლებელია

ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით, პრინციპულად შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პარლამენტში დღეს გაიხსნა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი შანსი საქართველომ მოახდინოს გარღვევა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. "ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გრძელ და რთულ გზაზე ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ უსაფრთხოების თემებით მოცული. შესაძლოა, ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეს სწორედ ის უნდა, რომ ამ თემებში ვიყოთ ჩაძირული და ვეღარ მოვახერხოთ ეკონომიკური განვითარება, ვერ მოვახერხოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ვერ მოვახერხოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მივიღოთ მძიმე სოციალური ფონი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ გარღვევა მოვახდინოთ ბევრი ამ მიმართულებით. ეს გარღვევა სრულიად აუცილებელია. ეს ელემენტარულად მათემატიკური აქსიომებია, იმიტომ რომ ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით არის პრინციპულად შეუძლებელი. შეუძლებელია ჩვენი მოსახლეობა იმყოფებოდეს იმ ვითარებაში, სადაც იმყოფება, შეუძლებელია უმუშევრობა იყოს იმხელა, რამხელაც დღესაა, შეუძლებელია შემოსავლები მოქალაქეების იყოს ისეთი დაბალი, როგორიც დღესაა და ჩვენ მოვახერხოთ იმ გზაზე სიარული, რაზეც მოგახსენეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამიტომ დამატებითი ენერგია და ბერკეტები გვჭირდება აღნიშნული მიმართულებით. "ასოცირების პროცესიდან სწორედ ამის მიღება გვინდა. ჩვენ ვიცით ისიც, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.