ნიკა ვაჩეიშვილმა ატენურ ვაზს "ძეგლი" დაუდგა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი ატენში ქართლის ძველ სამეურნეო ტრადიციას იცავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ნიკა ვაჩეიშვილი, ამჟამად სამ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ლექციებს, ყოველ შაბათ-კვირას ატენის ხეობაში­ მეურნეობას უვლის, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. აშენებს ვენახსა და ხეხილის ბაღს. "ატენში ყველაფერი გასაოცარი მოდის, ვენახი ისეთი კოპწია უნდა გქონდეს, მტევნის მოწყვეტა დაგენანოსო", - წერს მამულში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩვენი რესპონდენტი.

- ჩემი მეურნეობა ღირსშესანიშნავ ადგილას არის, ატენის, ანუ ტანას ხეობაში.­ აქ არის შუა საუკუნეების ნაქალაქარიც, უძველესი მონასტრებიც, ციხეთა ნანგრევებიც და ყველაზე მნიშვნელოვანი - ძველი მეურნეობის ნაშთი, ძველი ტერასები. ეს ადგილი შუა საუკუნეებიდან განთქმულია ვაზის ჯიშებით, ღვინით, მისი დაყენების ტრადიციული მეთოდით, ძველი მარნებით.­ ამ ყველაფერს დღეს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას უწოდებენ.

როცა ამ ტრადიციულ გარემოში, ფაქტობრივად, იმავეს ვაკეთებ, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში, ბედნიერი ვარ. ძეგლები და ტრადიციული მეურნეობა - ეს არის ჩემი საქმიანობის სფერო, ჩემი სამყარო. ძველი გამოცდილებაც შემორჩენილია, მაგალითად, უძველესი სარწყავი სისტემები, ტერასებზე ვაზის გახარების მეთოდი... სულ სხვა შედეგს ხედავ, როცა იმავე წყლითა და სადინარებით რწყავ საკუთარ ვენახს, რომლითაც წინაპრები XI-XII საუკუნეებში რწყავდნენ... ასევე მნიშვნელოვანია ღვინის­ დაყენების წესიც: რამდენი ყურძენი როგორ­ უნდა დაამუშაო, რა შეურიო სანაქებო ატენური ღვინის მისაღებად. მას მეფეთა სასმელს ეძახდნენ. ატენურის დაყენება აზარტულიც არის - ფაქტობრივად, ალალბედზე შრომობ. შედეგი დიდი შრომით მოდის, გამოცდილებაც უნდა და ღვთის წყალობაც. მთელი ოჯახი ამ საქმეში სიხარულით მომყვება.

- ამ კუთხიდან ბრძანდებით?

- არა, ჩვენ გურულები ვართ... ამ მხარეში პირველად მერვეკლასელი მოვხვდი,­ წლების შემდეგ კი ატენელი გავხდი. აქაურებს­ დავუნათესავდი, ბავშვები მოვან­ათვლინე, უამრავ ადამიანს დავუმეგობ­რდი. სტუდენტობისას ატენის სკოლაში ვასწავლიდი და ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც ატენთან იყო დაკავშირებული.

- მოკლედ, დღეს ატენელი ხართ?

- ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ატენის სიონის უბნის საკომლო წიგნში ვარ ჩაწერილი. ამ წიგნში ადგილობრივი მცხოვრებლები არიან შეყვანილი.

- მიწას თავად ამუშავებთ და ვენახ­საც უვლით?

- რა თქმა უნდა. ტერასებზე გვაქვს გაშენებული მცირე ვენახი, ჰექტარიც არ არის. შესანიშნავი ადგილია. მთავარი ის არის, რომ იშვიათი და გადაშენების პირას მისული ყურძნის ჯიშები მომყავს, მაგალითად, ბუდეშური. დღეს ის მხოლოდ­ საკოლექციო ნაკვეთებში თუ ხარობს. გავაშენეთ მივიწყებული დანახარული. ახლა ვაპირებთ ასევე მცირედ შემორჩენილი ატენური საფერავის გამრავლებას. ყოველი ჯიში ძალიან მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა. მარანიც ავაშენე ძველი ტექნოლოგიით.

იხილეთ გაგრძელება