კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე - ასე ეხმაურება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი იმ ინფორმაციას, თითქოს მერია რუსულ ნომრიან ავტომობილებს არ აჯარიმებს. ამასთან, წილოსანი საჯარიოზე გადაყვანილი მანქანების ვიდეოს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის.
ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე. მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალუსწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.
ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!, - წერს წილოსანი.