გივი ფანცულაია - საპენსიო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია საპენსიო სქემაში ჩართულ ბენეფიციარებთან

პარტია „ხალხისთვის“ მდივნის, გივი ფანცულაიას განცხადებით, საპენსიო სააგენტომ, საპენსიო სქემაში ჩართულ ბენეფიციარებთან, მაქსიმალური გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნებით, გივი ფანცულაიამ საპენსიო სააგენტოს წერილობით ოფიციალურად მიმართა.

„საპენსიო ფონდის მანდატში დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ საპენსიო სქემაში ჩართულ ბენეფიციარებთან მაქსიმალური გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს. მათ უნდა უზრუნველყონ სიახლეების და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების, ფონდის მუშაობის და სტრატეგიების შესახებ, რათა ბენეფიციარები საკუთარი დანაზოგების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ. საზოგადოებაში ინვესტირების ახალ წესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა. დღეს ჩვენ მივმართეთ საპენსიო სააგენტოს წერილობით. ვითხოვთ, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება მათი თანხების განკარგვა. სააგენტომ უნდა შექმნას ეფექტური ცხელი ხაზი, მოქალაქეთა კონსულტაცია ადგილზე დანიშნოს და გადაწყვეტილების ბოლო ვადა გადავადდეს,“ - განაცხადა გივი ფანცულაიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.