9 სექტემბრიდან სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით ტურისტული მატარებელი, „რიცა“ იმოძრავებს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. მატარებელი სამხრეთ რუსეთში სოჭის აეროპორტს, ოკუპირებულ აფხაზეთში კი გაგრასა და სოხუმს გაივლის. წელს სამი სატესტო რეისი 9 სექტემბერს, 28 ოქტომბერსა და 4 ნოემბერს შესრულდება.
რუსეთის რკინიგზამ უკვე ტურებიც შეადგინა, რომელიც თავის ვებგვერდ rzdtour.com-ზე გამოფინა. კერძოდ, ტურები ავიარეისს ჩერეპოვეციდან სოჭში და უკან, ასევე, მატარებლით მგზავრობას არჩეული კლასის მიხედვით, ტურისტულ ობიექტებზე შესასვლელ ბილეთებსა და ექსკურსიების პროგრამებს მოიცავს. მთლიანი პაკეტის ღირებულება ერთ ადამიანზე 50,140 რუბლიდან (532 დოლარიდან) იწყება. ვოლოგდის ოლქის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც დასვენებას შავი ზღვის სანაპიროზე გეგმავენ, 6-დღიანი ტურის ფასში მატარებლით მგზავრობაც შედის.
სოხუმსა და გაგრაში რუსეთის რკინიგზა მოგზაურებს ქალაქებისა და მათი ღირსშესანიშნაობების გაცნობას სთავაზობს, რის მონახულებასაც ტურისტები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ. კერძოდ, დასახელებულია რიცას ტბა, ლურჯი ტბა, სტალინის აგარაკი და სოხუმის ბოტანიკური ბაღი.
კომპანია, RZD Tour, როგორც ჰოლდინგ „რუსეთის რკინიგზის“ ნაწილი, 2005 წელს დაარსდა. 2011 წლამდე კომპანია, ძირითადად, ჩარტერული რეისებისა და კორპორატიული (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions), ანუ MICE-ღონისძიებების ორგანიზებით იყო დაკავებული, რაშიც სარკინიგზო ტრანსპორტის შესაძლებლობებს იყენებდა. 2011 წლიდან რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ მასობრივი ტურიზმის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზნადაც სარკინიგზო ტურიზმის აღორძინება დაასახელა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ