ბორჯომსა და ქუთაისში მტკვრისა და რიონის დონე დაიწევს

4 და 5 მაისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტი ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მოხდება კაშხლის გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს კაშხლის დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან.

მათივე ინფორმაციით, ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 2 დღე. ამ დროის მანძილზე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო ბორჯომში მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. სამუშაოების წარმოება არ გამოწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

როგორც "ენერგო-პროში" აცხადებენ, 6 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავების გეგმური გარეცხვაც. ამ პერიოდში, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ორგანოსთან და არ გამოიწვევს ელექტროენერგიის გათიშვას.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.