მოქალაქეთა დასახმარებლად, ბორჯომის ბიუჯეტიდან 4 თვის განმავლობაში 403 176 ლარი დაიხარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბოლო 4 თვის განმავლობაში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს აქვეყნებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად, ჯამურად 403 176 ლარი გამოიყო.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტი 1112 ადამიანს დაეხმარა. გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, სტაციონარული მომსახურებისათვის გაიხარჯა 129 998 ლარი. აღნიშნული თანხით მომსახურება გაეწია 336 ადამიანს, რაც შეეხება სტაციონარული მომსახურების შემდგომ მედიკამენტებით დახმარების პროგრამას, 310 ადამიანისთვის გამოიყო 46 918 ლარი.

ჯამში, ბოლო 4 თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სოციალური პროგრამის განხორციელების შედეგად - მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტშვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანებისათვის, ახალდაქორწინებულებისათვის, ახალშობილებისათვის, 100 წელს გადაცილებულთა და დედ-მამით ობოლი ბავშვების მომსახურებისათვის, 895 მოქალაქისათვის გამოყოფილ იქნა 279 206 ლარი.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს, გამგეობამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ისე რაიონის ნებისმიერ მცხოვრებს. ”პროგრამები მოიცავს, როგორც ყოველთვიურ ასევე ერთჯერად დახმარებას. ამასთავანვე, ადგილობრივი ხელისუფლება წელიწადში 2-ჯერ ( ახალი წელი, აღდგომის დღესასწაული) 450 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისათვის გასცემს 100 ლარის ღირებულების პროდუქტებს", - აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანი.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას უწევს მოსახლეობას. მონაცემების მიხედვით, ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 123 970 ლარით დახმარება გაეწია 217 მოქალაქეს.