სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ათდღიანი ტრენინგი ჩატარდება.

ტრენინგი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიზნად ისახავს კერძო სექტორისთვის სახელმწიფო შესყიდვების კუთხით საჭირო ინფორმაციის მიღებასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა და მასში მონაწილეობა ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელებისა და სააგენტოს წევრებმა მიიღეს. "ჩვენ გადავწყვიტეთ, ბიზნესსექტორისთვის ანუ სახელმწიფო შემსყიდველთა მიმწოდებლებისთვის ჩაგვეტარებინა ტრენინგი. მსგავსი ტრენინგი აქამდე არ ჩატარებულა. მსოფლიო ბანკთან ერთად, მათი ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ ის მიმწოდებლები შევარჩიეთ, ვინც ტრენინგს საჭიროებენ. ტრენინგი ათდღიანი იქნება და ითვალისწინებს 45 მიმწოდებლისთვის ინტენსიური სახელმწიფო შესყიდვების კურსის ჩატარებას", - განაცხადა სასწავლო ცენტრის დირექტორმა თენგიზ თოფურიძემ.

ტრენინგის ორგანიზებაში ჩართულია სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ისინი შესყიდვების სააგენტოსთან სამომავლოდაც აპირებენ თანამშრომლობას. "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივა სასწავლო კურსის მიმწოდებელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩართულები ვიყავით სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის სახით ამ საორგანიზაციო საკითხებში. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც თავის წევრებისთვის, ასევე სხვა რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო კარგად ინფორმირების და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ითანამშრომლებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც გავაფორმებთ", - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიქოვანმა.