Subway-ს კერძო სააქციო ფონდი Roark Capital ყიდულობს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway აშშ-ს კერძო ინვესტიციის ფონდ Roark Capital-ზე გაიყიდება - ნათქვამია Subway-ის განცხადებაში.

ტრანზაქციის მოცულობა არ სახელდება. ამ კვირის დასაწყისში კი The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Roark-ს შეეძლო Subway-ში 9,6 მილიარდი დოლარის გადახდა.

სხვა ინვესტორებმა ასევე განაცხადეს ქსელის შეძენაზე, მათ შორის იყვნენ TDR Capital და Sycamore Partners.

Subway არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი. კომპანია ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და მისი გაყიდვების წერტილების საერთო რაოდენობა დაახლოებით 37 ათასია. 1965 წელს დაარსებული Subway მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ორი დამფუძნებლის, ფრედ დელუკის და პიტერ ბაკის ოჯახებს ეკუთვნოდა.

Roark-თან გარიგება "ეტაპია Subway-ის ტრანსფორმაციის ხანგრძლივ ისტორიაში", - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

Roark, რომელიც მართავს 37 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს, სხვადასხვა დროს იყო ინვესტორი პრეცელის მწარმოებელ Auntie Anne's-ში, სწრაფი კვების ქსელებში Arby's და Jimmy John's და ნაყინის ბრენდებში Baskin-Robbins და Carvel.

„ეს გარიგება ასახავს Subway-ის ზრდის გრძელვადიან პოტენციალს და ჩვენი ბრენდისა და ჩვენი გლობალური ქსელის მნიშვნელოვან ღირებულებას“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჩიდსიმ. „Subway-ს აქვს ნათელი მომავალი Roark-თან ერთად“ - დასძინა მან.

გარიგების დასრულების თარიღი დამოკიდებული იქნება მარეგულირებელის დამტკიცების ტემპზე.

კოკა კვირკველია