თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

ამის გამო 24 აგვისტოს ურბანული კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია.

ამასთან, პარტია ”საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრები მიმართავენ საქართველოს პროკურატურას, თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და დაადგინოს, იკვეთება თუ არა პოლიტიკური კორუფცია “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან.

ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებენ საკრებულოს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან, განსაკუთრებით კი, ეს ეხება უსაფრთხოებას.