სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
უწყების მიგნებებს შორისაა საბაზრო ფასის უგულებელყოფა - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, თბილსერვისს პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
ასევე, ერთ-ერთი მიგნებაა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში განხორციელებული შესყიდვა.
დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, თბილსერვისმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის პირობები. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ინვენტარიზაცია არ ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ხორციელდებოდა არასათანადოდ.
ფაქტობრივი გარმოება კი ასეთია - 2020 წლის 21 აგვისტოს თბილსერვისმა გამოაცხადა ტენდერი სახიფათო ნარჩენების გატანა/განადგურების მომსახურების შესყიდვის შესახებ, სავარაუდო ღირებულებით − 517.2 ათასი ლარი. 68 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „სანიტარმა“, რომელმაც გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით − 417.9 ათასი ლარი. ტენდერის პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი სატენდერო კომისიის წევრსა და გამარჯვებულ საწარმოს შორის. კერძოდ, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი − შპს „სანიტარი“ და სატენდერო კომისიის წევრის ნათესავი ფლობენ შპს „სანიტარი +“-სს. შესაბამისად, პრეტენდენტი და სატენდერო კომისიის წევრი არიან ურთიერთდამოკიდებული მხარეები. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის წევრმა წერილობით არ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვის პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს. აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები.
აუდიტის რეკომენდაციით - თბილსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი უნდა წარმართოს იმგვარად, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულმა მოთხოვნებმა არ შეზღუდოს კონკურენცია; სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა; შესყიდვების დაგეგმვისას, ობიექტის სავარაუდო ღირებულება განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით.