დოკუმენტაციის მიხედვით „თბილსერვისში“ დასაქმებულების ნაწილი ზეგანაკვეთურად დღეში  18-23 საათს მუშაობს - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტური მასალების შესწავლით გამოვლინდა რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ, 2020-2021 წლებში 137 შემთხვევაში ანაზღაურებულია საშუალოდ 5 საათზე მეტი ყოველდღიური ზეგანაკვეთური სამუშაო, ღირებულებით − 198.6 ათასი ლარი. ზოგიერთ დასაქმებულზე კვირაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენდა 70-დან 105-მდე საათს, რაც დღიურად 10-დან 15 საათამდე ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნორმირებული სამუშაო დრო დღეში 8 საათია, დასაქმებულის დღიური სამუშაოს ხანგრძლივობა მერყეობდა 18 დან 23 საათამდე, რაც ადამიანის ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე არარეალურია.

ფაქტობრივი გარემოების აღწერისას სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თბილსერვისში დასაქმებულები ზოგ შემთხვევაში ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოებს. თბილსერვისი აღნიშნულ სამუშაოებს ანაზღაურებდა დირექტორის ბრძანებების შესაბამისად. ბრძანება გამოიცემოდა შესაბამისი სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო კვირაში დამატებითი სამუშაოების შესრულების ჯამური დრო. 2020-2021 წლებში თბილსერვისის მიერ სულ ანაზღაურებულია 4,362.2 ათასი ლარის ზეგანაკვეთური სამუშაო.

დასკვნა

,,თბილსერვისში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ზოგიერთი დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ადამიანის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების დოკუმენტურად აღრიცხული რაოდენობა პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეესაბამება რეალობას".

შეგახსენებთ, ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუმცა ის უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ფიზიკური დატვირთვის რეალურ შესაძლებლობებს.

თამარ მუკბანიანი