ვენახების განადგურებისთვის საფრანგეთი ფერმერებს 200 მილიონ ევროს გადაუხდის

საფრანგეთში ღვინის გაყიდვებმა იკლო. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხარდასაჭერ პროგრამაში ევროკავშირი 200 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც ვენახების განადგურებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Financial times წერს.

ღვინისგან გამოხდიან სპირტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სილამაზის ინდუსტრიაში, მაგალითად, სუნამოების ან ჰიდროალკოჰოლური გელების დასამზადებლად. ეს არის ფრანგი მეღვინეების მხარდაჭერის ფართო პროგრამის ნაწილი, რომელთა პრობლემები წარმოიშვა შიდა გაყიდვების შემცირების, უცხოურ ბაზრებზე კონკურენციის და ჩინეთში გაყიდვების შემცირების გამო.

გათვალისწინებულია ვენახების გაჩეხვისთვის კომპენსაციის გადახდის სქემა. ამაზე ბორდოში დაახლოებით ათასი მეღვინე დათანხმდა, განადგურდება 9,2 ათასი ჰექტარი ვაზი - რეგიონის მთლიანი ვენახის ფართობის 8%.

მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ღვინის ჭარბი რაოდენობა 3 მილიონი ჰექტოლიტრი იქნება.

საფრანგეთი ღვინის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა (იტალიის შემდეგ). მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ფრანგმა მეღვინეებმა 46,6 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაამზადეს.

Kantar-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საფრანგეთში წითელი ღვინის მოხმარება 32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ახალგაზრდებში, რომელთაგან ბევრი უპირატესობას ანიჭებს ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, ლუდს ან თითქმის არასოდეს სვამს ალკოჰოლს.

ეკა დარჩიაშვილი