მედია: ნიუ-იორკში ფუა-გრას გაყიდვის აკრძალვა გააპროტესტეს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმა გააპროტესტა ქალაქ ნიუ-იორკის ოფიციალური პირების ბრძანება ფუა-გრას გაყიდვის აკრძალვის შესახებ. ამის თაობაზე ტელეარხი Fox News იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, ამ აკრძალვას ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა 2019 წელს მოაწერა ხელი, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ დელიკატესის არაადამიანური წარმოების პროცესის გამო, რომელიც მზადდება იხვის ან ბატის ღვიძლისგან. ტელეკომპანიის ცნობით, ფუა-გრას დასამზადებლად ფრინველებს იძულებით კვებავენ, როგორც წესი, სპეციალური ძაბრების ან მილების გამოყენებით. გაყიდვის აკრძალვა 2022 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ შტატის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.

შტატის ხელისუფლების განცხადებით, ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მრავალი ფერმის დახურვა გამოიწვიოს, ამიტომ ინდუსტრიამ ეს საკითხი თავად უნდა დაარეგულიროს. Fox News-ის ცნობით, ახლა სასამართლო პროცესი „ფუა-გრას კანონიერების შესახებ“ აქტიურ სტადიაშია. გასულ თვეში ქალაქმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც რაიონულმა მოსამართლემ გააუქმა შტატის გადაწყვეტილება, რომელმაც გადადო გაყიდვის აკრძალვა. საპასუხოდ, შტატის ხელისუფლებამ ახალი აპელაცია შეიტანა.

ცხოველთა უფლებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს საკითხს, რადგან ფერმერებს სასამართლო პროცესის დროს ფუა-გრას წარმოების უფლება აქვთ.

ფუა-გრა ახლა ევროპის მხოლოდ ხუთ ქვეყანაში იწარმოება - ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში. ამავდროულად, ბელგიის ხელისუფლება ადრე იტყობინებოდა, რომ 2023 წლიდან სამეფოში ოფიციალურად აიკრძალებოდა ბატების იძულებითი გასუქება ფუა-გრას წარმოებისთვის.

კოკა კვირკველია