რა დაჯდება და როგორი იქნება გამრეკელის ქუჩაზე კორპუსი, რომელიც ავარიულ საცხოვრებელს ჩაანაცვლებს (+ფოტო)

ბაზრის კვლევა დასრულებულია - საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, პროექტის ჯამური ღირებულება 7 475 669 ლარია, მაშინ როცა ბაზრის კვლევის დასრულებამდე ეს თანხა 6,7 მლნ ლარს შეადგენდა. განაცხადების განხილვა კი ხვალ, 30 აგვისტოს სრულდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

gamrek-1693295031.jpg

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე 19 ერთეული საცხოვრებელი ბინა, ჯამური ფართით 2034.7კვ.მ გარემონტებული მდგომარეობით გადაეცემათ მესაკუთრეებს. 22 ერთეული საცხოვრებელი ბინა კი (თეთრი კარკასის მდგომარეობით შეფასებული, ჯამური ფართით 1,368.5 კვ.მ და ერთი 211.4 კვ.მ კომერციული ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით შეფასებული რეგისტრირდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და ანგარიშსწორებისას გათვალისწინებული იქნება შემდგომში მიმწოდებლისთვის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით, ფართებისა და მათი ღირებულების შეთანხმებული პროპორციის შესაბამისად.

gsmreke-1693295030.jpg

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ვადა მოიცავს, როგორც არსებული ავარიული სახლის დემონტაჟს, ისე მის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას (მათ შორის რემონტს). ამასთან, აღნიშნულ ვადაში გარემონტდება მოსახლეობისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინები, დარჩენილი ფართი მოეწყობა თეთრი კარკასის მდგომარეობით. გარდა ამისა, განხორციელდება სხვადასხვა კომუნიკაციების საცხოვრებელ კორპუსამდე მიყვანისა და მცხოვრებელთა ინდივიდუალური აბონირებისათვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის აღნიშნული კომუნიკაციების უსაფრთხო ექსპლუატაციის გადამოწმება.

gamrek3-1693295032.jpg

gamrek2-1693295031.jpg