ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტს 2015 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა

2015 წლის სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ 3.2% შეადგინა, 104.7%-ით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი და ასევე გადაჭარბებით, 130.5%-ით შესრულდა გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელიც.

აღნიშნული მონაცემები ასახულია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშში, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის თემაა. გუშინ ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მინისტრის მოადგილემ იანვარ-მარტში დაფიქსირებულ სამომხმარებლო ფასების ზრდასა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირების პარამეტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 2.6 %-ით გაიზარდა, ხოლო საგარეო ბრუნვა 10%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, 21.1 %-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები 55%-ით შემცირდა.

გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პარამეტრი, კერძოდ კი, შემოსავლები, გადასახადები, გრანტები და სხვა, შემოსავლებით დაგეგმილზე ბევრად გადაჭარბებით შესრულდა. მინისტრის მოადგილემ ცალკე ინფორმაცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გეგმის შესრულებაზე წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ორივე ძალოვან უწყებაში შესრულების მაჩვენებელი 95%-მდე განისაზღვრა.