თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

სასტუმრო "რედისონში" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა, GIZ-ს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პატრიკ ფოშერმა მიმართეს. როგორც ფორუმის დაწყებამდე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია.

"დღევანდელი შეხვედრის თემატიკა ურბანულ განვითარებას ეხება. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რაზეც დღეს საუბარი გვექნება და ამ თვალსაზრისით უცხოურ გამოცდილებასაც მოვისმენთ. კერძოდ, დავიწყებთ აქტიურ მუშაობას დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, თბილისმა გერმანიაში მოიგო კონკურსი, რომლის საფუძველზე მომზადდება მომავლის ქალაქის ე.წ. სმარტ სითის სტრატეგია და ამაში გერმანელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. "დღეს სიმბოლურად გერმანულ და ქართულ მხარეს შორის შეთანხმების ხელმოწერა მოხდება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც არის გათვალისწინებული. ამ შეთანხმების ფარგლებში, მე ვამზადებ დედაქალაქის როგორც მომავლის ქალაქის განვითარების სტრატეგიას და ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ დღეს. მოვისმენთ, როგორც ჩვენთან არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს, ასევე უცხოურ გამოცდილებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, მომავლის ქალაქის სტრატეგია ეს არის ქალაქის თანამედროვე მართვის სისტემაზე დაფუძნებული სტრატეგია. "რას ნიშნავს მომავლის ქალაქი? მომავლის ქალაქი არის თანამედროვე მართვის სისტემებზე დაფუძნებული სტრატეგია, როგორიცაა ენერგოდამზოგავი, გარე განათების სისტემები, თანამედროვე პარკირების, შუქნიშნების მართვის სისტემები, ყველაფერი რაც ენერგოეფექტურობასთან, ქალაქის მაქსიმალურად ეფექტიანად მართვასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ფორუმის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ეს არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ტარდება. "ფორუმი ეძღვნება ადგილობრივი ურბანული, ინტეგრირებული განვითარების თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სხვადასხვა ქალაქების განვითარება მოხდეს დინამიურად. ჩართული იყო როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი და ამ მიმართულებით ჩვენი სამინისტრო აკეთებს რამდენიმე პროექტს. ჩვენთან შემუშავდება სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის ახალი კოდექსი. ასევე შექმნილია უწყებათაშორისო მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე და ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვის პირველი ფაზა დასრულებულია. ქვეყანას ექნება სივრცითი ფიზიკური განვითარების გეგმა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ყველა ქალაქის განვითარების დინამიკასთან და ერთიან კონტექსტში იქნება მოყვანილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.