მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა - რა ქონებას ფლობს ქართველი ბიზნესმენი

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა. ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი Bloomberg-ის სიაში 496-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 5.32 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა ის დღეს რეიტინგში ისევ დაბრუნდა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. ამ დროისთვის Forbes-ის მიხედვით, ლომთაძე რეიტინგში 584-ე ადგილზეა, ის 4.8 მლრდ დოლარს ფლობს.

კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი კი Forbes-ის რეიტინგში 4.9 მლრდ დოლარით 560-ე ადგილს იკავებს, Bloomberg-ის სიაში კი 412-ე ადგილზეა და მისი ქონება 6.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისათვის, მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.