საჩვენოდ და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა. ამით ნიკოლოზ ბენიაიძე ფქვილის იმპორტზე დაწესებულ გადასახადს გამოეხმაურა, რომელიც ძალაში 12 ივნისს შევიდა.
რეგულაციიდან თითქმის 3 თვის შემდეგ, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო. აღნიშნული საფასური ძალაში 5 თვე იქნება.
რეგულაციიდან 2 თვეზე მეტია გასული, თუმცა მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის არაფერი შეცვლილა.
"მთავრობის მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ კარგი იყო, თუმცა სიტუაცია იმდენად სწრაფად გაუფასურდა, რომ საჩვენოდ და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. რუბლის გაუფასურებამ ხორბალი იმდენად გააიაფა, რომ 1 კგ შემოტანილი ხორბალი 45 თეთრი ღირს, მაშინ როცა ადგილობრივის თვითღირებულება მინიმუმ 75-80 თეთრია. ვინმე ახლა თუ გაყიდის, ნიშნავს რომ იძულებულია და თვითღირებულებაზე იაფად ყიდის.
ამას არ ჰქვია ვაჭრობის პროცესი. ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა არც ძველი და არც ახალი მოსავლის რეალიზაცია არ ხდება. სიტუაცია უფრო გააუარესა იმან, რომ მიწები მოსახნავია და ამის ფინანსური რესურსი აღარ გვაქვს. ადრე თუ მიწის ქირაობა და იჯარით აღება ძალიან რთული იყო, ახლა უამრავი ფერმერია, ვინც მიწას აქირავებს" - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან".
ცნობისთვის, 2022 წლის 7 თვეში საქართველომ 36.2 მლნ აშშ დოლარის 95 726 ტონა ფქვილი იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 26.9 მლნ აშშ დოლარის 94 831 ტონა.
რაც შეეხება ხორბალს, რომლის იმპორტიც რუსეთში ხორბლის საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ მუდმივად მცირდებოდა, გაიზარდა. 2022 წლის 7 თვეში საქართველომ 19.1 მლნ აშშ დოლარის 55 550 ტონა ხორბალი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 26.5 მლნ აშშ დოლარის 93 028 ტონა ხორბალი.