დედობის ინდექსის მიხედვით საქართველო 86-ე ადგილზეა

მსოფლიოში დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა, - ამის შესახებ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აქვეყნებს. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა. საქართველო 86-ე ადგილზეა და მან 2014 წელთან შედარებით პოზიცია 12 პუნქტით გაიუმჯობესა.

რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებენ რუსეთი, რომელიც 56-ე ადგილზეა, ასევე თურქეთი 65-ე ადგილით და უკრაინა 69-ე ადგილით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი 90-ე ადგილზეა, სომხეთი კი - 103-ე ადგილზე.

კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ დედათა ჯანმრთელობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალის სტატუსი. საუკეთესო ათეულში ევროპის ქვეყნები შევიდნენ. მათ შორის, ნორვეგიის გარდა, ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი და ბელგია. ათეულში მოხვდა ავსტრალიაც. ბოლო ათეულში კი - სუბ-საჰარული აფრიკული რეგიონის ქვეყნები - ჩადი, კოტ-დივუარი, გამბია, ნიგერი, მალი, კონგო, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11. 3 პროცენტი უკავია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 48,9 პროცენტი კუბას აქვს, შვედეთი კი 43,6 პროცენტით მეორე ადგილასაა.