თბილისერვის ჯგუფი 60 ახალ მსუბუქ ავტომობილს ყიდულობს - ტენდერი უკვე გამოცხადდა

17 მლნ ლარზე მეტი საწვავის ხარჯი და 869 ერთეულ ავტომობილი, რომლის საჭიროებაც „თბილსერვისმა" ვერ დაამტკიცა - ეს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიგნებებია, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.

თუმცა 25 აგვისტოსვე, 60 ახალი, მსუბუქი ავტომანქანის შესაძენად თბილსერვის ჯგუფმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 205 680 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), და 2022 წლის შემდეგ (მიმდინარე წელს) განბაჟებული.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2021 წელს "თბილსერვისში" დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმ 4 993 იყო, აქედან 2 924 მეეზოვე-დამგველია, ხოლო დანარჩენი პირები დასაქმებული იყვნენ ადმინისტრაციულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ფინანსური უზრუნველყოფისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღების დეპარტამენტში, ქონების მართვის დეპარტამენტში, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, პროტოკოლის სამსახურში და სხვა.

შესაბამისად, გაურკვეველია, რა საჭიროებითაა გამოწვეული ჯამში 869 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენება, დაახლოებით, ყოველი მე-2 დასაქმებულისთვის, რომელთა უმეტეს ნაწილს საოფისე ფუნქციური დატვირთვა აქვს და მათი საქმიანობა არ უკავშირდება ოფისის გარეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტებს.

თამარ მუკბანიანი