დავით ნარმანია "სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია "სითი პარკს" ძირითადი მოთხოვნები წარუდგინა. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს ხანში "სითი პარკის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

"მე კომპანია "სითი პარკს" წარვუდგინე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს. კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ ეს თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს. ასევე, წარვუდგინეთ ის, რომ ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ასევე, გავაცანი ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად ტროტუარები უნდა დაუბრუნდეს ქვეითად მოსიარულეებს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით და აქ აუცილებლად მოვიზიდავთ დამატებით ინვესტიციებს, რათა გაჩნდეს ალტერნატიული პარკირების ადგილები დედაქალაქში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.