„სადაც გაიხედავ, ყველგან სუბსიდირება მიდის და ეს მეფრინველეობა რატომაა საჯარიმო სანქციებზე, არ ვიცი“

„სადაც გაიხედავ, ყველგან სუბსიდირება მიდის და სოფლის მეურნეობაში დახმარებებია, ეს მეფრინველეობა რატომაა საჯარიმო სანქციებზე, არ ვიცი“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მარცვლეულის დეფიციტი აღარ არის და ფასიც მისაღებია, ქართული მეურნეობების მდგომარეობა გამოსწორდა, შესაბამისად, დღეისთვის დაკეტვის პირას არცერთი დიდი მეურნეობაარ დგას.

თუმცა, ზურა უჩუმბეგაშვილის თქმით, მოჭარბებული იმპორტი არაპროგნოზირებად გარემოში ამყოფებს ქართველ ფერმერებს, შესაბამისად, სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნები (რომელიც წლებია არსებობს), ისევ დღის წესრიგში დგას.

„რაღაც კატასტროფული მდგომარეობა, როგორც მეხორცულის, ისე მეკვერცხულის მიმართულებით, ახლა ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ძირითადი არის საკვები კომპონენტები, ძალიან ცუდ დღეში ვიყავით ომი რომ დაიწყო და შეზღუდვები იყო, ფაქტობრივად, მარცვალი არ იყო, რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით... მაგრამ, ამ ეტაპზე, მარცვალიც თავზე საყრელად არის, ფასიც მისაღებია. რა თქმა უნდა, შეიძლება კონკრეტულ მეურნეობას ჰქონდეს რაღაც სირთულეები და ამის გამო დაიხუროს, მაგრამ ისეთი სიტუაცია ახლა ნამდვილად არ არის, რომ ვინმე იკეტებოდეს.

ქათმის ხორცი იცით, რომ სადღაც 50%-ზე მეტი იმპორტზე მოდის, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას და ქართულზე მუდმივად მოთხოვნაა. ახლა გაზიც გაიაფდა და რეალურად, სწორად დალაგებულ მეურნეობას, წესით, რეალიზაცია არ უნდა გაუჭირდეს. შესაბამისად, სავალალო მდგომარეობა ისე, რომ ხვალ ვიღაცამ ფუნქციონირება შეწყვიტოს, არცერთ დიდი და სერიოზულ მეურნეობაში, ამ ეტაპზე არ არის.

თუმცა ის მოთხოვნები, რაც წლებია ყველას გვაქვს დღგ-სთან დაკავშირებით, ისევ არის. ჯერჯერობით არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. არ იქნება ცუდი, თუ რაღაც დახმარებები იქნება სახელმწიფოს მხრიდან. სადაც გაიხედავ ყველგან სუბსიდირება მიდის და სოფლის მეურნეობაში დახმარებებია, ეს მეფრინველეობა რატომაა საჯარიმო სანქციებზე, არ ვიცი. დღგ-ებით და ყველაფრით დატვირთული...“,- აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური