"საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა" შემუშავდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის" შემუშავებასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ჯეინ ბრინს შეხვდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის" დოკუმენტი შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განახლდეს და მომზადდეს. მათივე ინფორმაციით, პროექტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარდა ჩართულები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს სამთავრობო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების არსებული დონის გაუმჯობესებას. "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის" შემუშავებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტის (EWHIP-IV) ფარგლებში ხორციელდება.

დოკუმენტზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება დაჩქარებული წესით, 2015 წლის ივნისში იგეგმება.