იანოშ ჰერმანი: ხვალ რომ გახდეთ ევროკავშირის წევრები, ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის

ხვალ რომ გახდეთ ევროკავშირის წევრები, ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე "ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა" მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"ასეთ შემთხვევაში ყველა კომპანია ევროკავშირიდან შემოვა საქართველოს ბაზარზე. თქვენ მზად უნდა იყოთ ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციისთვის. ძალიან ბევრი ეფექტური მოთამაშე უნდა გყავდეთ, რათა შეძლოთ კონკურენცია. კონკურენცია არის რთული ჩვენს ბაზარზე", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკას სულ სხვა კონტექსტში მოაქცევს იგივე რეგულაციების თვალსაზრისით, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.  "ძალიან ბევრი რამ არის მიმზიდველი მსოფლიოში, მაგრამ საშიშია, თუ არ ხართ სათანადოდ მზად. ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე სწორედ ეკონომიკური ინტეგრაციისთვის მომზადებაა, რასაც კონკრეტული რეფორმების განხორციელება ესაჭიროება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.