ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთველში სახელმწიფოს ორგანიზებული მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა აღნიშნა, 1 კგ დაზიანებულ ყურძენზე 90 თეთრის სუბსიდირება სამრეწველო ჯიშებს შეეხებათ.
„რთველთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერის ხელმძღვანელობით მსჯელობა რამდენიმე კვირის წინ იყო, რომ სახელმწიფო აღნიშნულში აქტიურად იქნებოდა ჩარეული, ვინაიდან კლიმატურად საკმაოდ რთული წელია და უამინდობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსავალი დაზიანდა, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კახეთის 4 მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები იყო და რამდენიმე სოფელი დაზიანდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ორგანიზებული მონაწილეობა რთველში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სახელმწიფოს კუთვნილი მოსავლის მართვის კომპანია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება და სასპირტოდ გადამუშავება მოხდეს. ასევე, პრემიერმა განაცხადა, რომ წელს ხარისხიანი ყურძენი არ იქნებოდა და 90 თეთრი კილოგრამ ყურძენზე, ეს სამრეწველო ჯიშებს - რქაწითელს და მწვანეს ეხება, გამოყოფილი იქნებოდა, ეს თანხა იქნა გათვალისწინებული მათ შორის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის შემთხვევაშიც“, - განაცხადა დავითაშვილმა.